შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

27 მარტი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა 70 სტუდენტი.

 

შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა, სტუდენტებს გააცნეს ცენტრის 2016-2020 წლების საქმიანობის ანგარიში და ამავდროულად, წარუდგინეს ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიზნები და აქტივობები.

 

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა სტუდენტების როლის გაზრდაზე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესებში.

 

ცენტრის დირექტორმა სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თუ როგორ არიან სტუდენტები დღეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში ჩართულები, როგორც სტუდენტი ექსპერტები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს წევრები და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და განხილული იქნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, ცენტრთან სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ფორმები.

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან