კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება დაიწყო!

29 მარტი 2021

29 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანია, ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ხელშეწყობით კლასტერული აკრედიტაციის პროცედურების პილოტირება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება განმავითარებელი შეფასება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების პროგრამებზე.

პილოტირების პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. შეფასების პროცესში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და დამსაქმებლები.

პილოტირების პროცესის დასრულების შემდეგ განზოგადებული შედეგები საჯაროდ იქნება განხილული ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

პილოტირების შედეგები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიღებული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების დაგეგმვისა და იმპლემენტაციის ეტაპებზე.

კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება დაიწყო!