განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა, ონლაინ რეჟიმში, სამუშაო შეხვედრა გამართეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებთან.
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად, საბჭოს მოწვეული წევრები მონაწილეობას მიიღებენ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში. კერძოდ, ისინი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ძირითად წევრებთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.
ჯანდაცვის სფეროს უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა გაიანე სიმონიამ საბჭოს წევრებთან განიხილა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი და გააცნო სამომავლო ხედვა, თუ როგორ ფიქრობს დარგობრივი საბჭო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ განახლებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, დოკუმენტის დახვეწასა და განვითარებას.