FAQ

პროფესიული განათლების სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა

16 აპრილი 2021

15 აპრილს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესის წარმატებულ მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.



შეხვედრას ესწრებოდნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის განათლების მენეჯმენტისა და ინოვაციების სპეციალისტი თეა გულუა.

 

ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო რაც ადმინისტრირების კუთხით შრომატევად საქმიანობას, მონაწილეთათვის შეფასების რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვას და ტრენინგების ციკლს მოიცავდა.



კონცეფციის თანახმად, ავტორიზაციის ექსპერტობის მსურველმა პირმა ჯერ ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსი უნდა მოიპოვოს, რაც შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი ცოდნის და უნარების განვითარების და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმს წარმოადგენს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 5 წელია.

 

ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი ავტორიზაციის ისტორიაში პირველად განხორციელდა და ორასზე მეტი მონაწილიდან ორმოცი კანდიდატი შეირჩა. მათ შორის თითქმის ნახევარი ახალი სპეციალისტები არიან.



განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა მისალოც მიმართვაში ხაზი გაუსვა პროცესის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა სპეციალისტთა პირველ ნაკადს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საპასუხისმგებლო საქმეში.

 

მან მადლობა გადაუხადა პროცესის განმახორციელებელ ყველა მხარეს, კონცეფციის ავტორებს, სამუშაო ჯგუფებს და საგამოცდო და შესარჩევი კომისიების წევრებს, ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთა ძალისხმევითაც სისტემისათვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი, პანდემიის პირობებშიც კი ხარვეზების გარეშე წარიმართა.

სერტიფიცირების პროცესი ცენტრის მიერ ეტაპობრივად განხორციელდება.

სერტიფიცირებულ სპეციალისტებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროფესიული განათლების სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა