FAQ

სახელოვნებო განათლების მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა!

19 აპრილი 2021

16 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით , ონლაინ რეჟიმში გაიმართა სახელოვნებო განათლების მიმართულების სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო ცენტრებისა და საქართველოს კულტურის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე ხელოვნების სფეროს ექსპერტები.

 

შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, რომელმაც ისაუბრა სახელოვნებო განათლების მიმართულების ფორმალიზაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში სამუშაო ჯგუფის წევრების განსაკუთრებულ როლზე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა დასახელებული პროცესის მნიშვნელობას განათლების სისტემისათვის, ისაუბრა ამ მიმართულებით ცენტრის როლზე, ფუნქციებსა და მხარდაჭერის მექანიზმებზე .
 

ჯგუფის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობაზე და მოლოდინებზე ისაუბრეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ, ასევე სამუშაო ჯგუფის წევრებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელოვნებო განათლების მიმართულების ფორმალიზაციის აუცილებლობა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამუშაო ჯგუფის მუშაობის პრინციპები. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ჯგუფი თავის საქმიანობას განახორციელებს დაინტერესებულ პირთა ფართო ჩართულობით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ძირითადი სამუშაო ჯგუფის შიგნით თემატური ქვეჯგუფების ფორმირების გზით.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შემდგომი აქტივობები და ვადები, ასევე განისაზღვრნენ მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.

სახელოვნებო განათლების მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა!