24 და 26 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით , ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ ტრენინგებს „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებში“ კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგების ციკლს ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით გათვალისწინებულ საკითხებში უკვე მეორე წელია გაეროს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის კახაბერ ერაძის განცხადებით, “ტრენინგის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იმითაა გამოწვეული, რომ მიმდინარე რეფორმას პროფესიულ განათლებაში შეფასების სისტემის არსებითი ცვლილება მოჰყვა და პროცესი ჯერაც არაა დასრულებული. ის ითვალისწინებს პროფესიული განათლების ევროპული სივრცის საუკეთესო პრაქტიკას, დუალური სწავლების და ზოგადი განათლების პროფესიულ განათლებაში ინტეგრირების სპეციფიკას. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სისტემამ ამ სიახლეებს წარმატებით აუღო ალღო”.
ცენტრი ტრადიციულად აგრძელებს პროვაიდერთა მხარდაჭერას ახალი სტანდარტების დანერგვის საკითხებში. სულ მალე დაწესებულებებს ადამიანური რესურსების მართვაში, ასევე ხარისხის უზრუნველყოფაში მტკიცებულებების სწორად გამოყენების საკითხებში შესთავაზებს ტრენინგებს. მხარდაჭერის ღონისძიებები წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძლედება.