FAQ

მრჩეველთა საბჭოს საინფორმაციო სემინარი

8 მაისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ (Twining) მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო სემინარი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან.

სამი დღის განმავლობაში განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს წარუდგინეს მოხსენებები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების მეტა-ჩარჩოების, საქართველოს კვალიფიკაციების ჩარჩოსა და მისი მართვის, ჩარჩოს დონის აღმწერების, მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებისა და ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ინსტიტუციების საქმიანობის შესახებ. მოწვეული ექსპერტების მხრიდან გაზიარებული იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ესტონეთისა და გერმანიის მაგალითზე.

შეხვედრების ფარგლებში, მრჩეველთა საბჭოს წევრების აქტიური ჩართულობით, წარიმართა დისკუსიები ჩარჩოსა და კლასიფიკატორის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

მრჩეველთა საბჭოს საინფორმაციო სემინარი