FAQ

შემოქმედებითი აზროვნების მოდულის პილოტირება იწყება

22 მაისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა „შემოქმედებითი აზროვნების“ მოდულის პილოტირებაში ჩართულ პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.

შეხვედრა გახსნა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ზაზა ფურცელაძემ. მან ისაუბრა „Crafting Future” პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს უწყობს ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა თამარ სამხარაძემ ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარებისათვის „შემოქმედებითი აზროვნების“ მოდულის მნიშვნელობას, ხოლო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ ისაუბრა მოდულის მნიშვნელობაზე პროფესიული სტუდენტების პიროვნული და პროფესიული განვითარების კონტექსტში. მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მოდული შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მეთოდოლოგიური მიდგომა სხვა მოდულების განხორციელების პროცესში.

მოდული „შემოქმედებითი აზროვნება“ მომზადდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „Crafting Future” ფარგლებში პლიმუთის ხელოვნების კოლეჯისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით. მოდული ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში კრეატიული აზროვნების განვითარებას და პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების ძიებას.

პილოტირების პროცესის პირველ ეტაპზე ჩართულია 13 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 პროფესიული განათლების მასწავლებელი და მას გაუძღვება პლიმუთის ხელოვნების კოლეჯის ლექტორი კიმ ბეგლი.

შემოქმედებითი აზროვნების მოდულის პილოტირება იწყება