FAQ

ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

2 ივნისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ მახარაშვილის მოწვევით ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ცენტრის მართვის, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ კოლეგიურ ორგანოს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს ახალი შემადგენლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აპრილის ბრძანებით, ორი წლის ვადით დაინიშნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი, სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს გააცნო ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. დირექტორის მოადგილეებმა, კახაბერ ერაძემ და ლაშა მარგიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინეს ცენტრის სტრატეგიით და 2021 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკვანძო თემები ზოგადი, პროფესიული და უმაღლეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა რუსუდან სანაძე. საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წელს ცენტრის დებულებაში შესული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს როლი ცენტრის მართვის, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პროცესებში. კერძოდ, არსებითად გაიზარდა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება ცენტრის მართვის, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პროცესებში. კლასტერულ აკრედიტაციასთან დაკავშირებით ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებში ცვლილებების განხილვის და ცენტრის სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის შეთანხმების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრა, COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.

ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა