2 ივნისს გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გიდების ასოციაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის კახაბერ ერაძის განცხადებით, ცენტრსა და ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მიმდინარე წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ცენტრისა და ადმინისტცაიის წარმომადგენლების მონაწილეობით უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გიდების პროფესიული გადამზადების მიზნით მინიმალურ სარეკომენდაციო მოთხოვნებს ჩამოაყალიბებს, რაც გზამკვლევად დაედება შესაბამისი პროგრამების შემუსავებას, მათ შორის არაფორმალური განათლების აღიარების პროცესს, რაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემით დასრულდება.
სამუშაო ჯგუფს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანი დალაქიშვილი უხელმძღვანელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ნაბაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი გიდების ასოციაციების მხრიდან იყო ინიცირებული, რაც მისასალმებელია და ქვეყანაში ამ სახის სერვისის ხარისხის გაზრდაზეა ორიენტირებული. სამუშაო პროცესში ასოციაციების აქტიური ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.