15 ივნისს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ერთობლივად ჩაატარეს კონფერენცია თემაზე „კლასტერული აკრედიტაცია და თემატური ანალიზი საქართველოში“. ღონისძიების მომხსენებლებმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლასტერული აკრედიტაციის პილოტირებისა და უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით ახალი პროცედურების საფუძველზე თემატური ანალიზის განხორციელების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
კონფერენციის ფარგლებში, დაძმობილების პროექტის ექსპერტების რეკომენდაციებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, განათლების სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენელმა დაინტერესებულმა მხარეებმა საქართველოში კლასტერული აკრედიტაციისა და თემატური ანალიზის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
კლასტერული აკრედიტაციის, როგორც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის, დანერგვას რეკომენდაცია დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა გაუწიეს. კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლით, სამომავლოდ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს საფუძველზე, დროის შედარებით ხანმოკლე პერიოდში, ნაკლები ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების ნაცვლად, პროგრამათა ჯგუფების აკრედიტაციის საშუალება ექნებათ.
თემატური ანალიზი დაძმობილების პროექტისა და ქართველმა ექსპერტებმა საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის ჭრილში, ევროპული სტანდარტებისა და პოლიტიკის შესაბამისად განიხილეს. ცენტრში განხორციელებული ცვლილებები ENQA-ს ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების წინაპირობაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დაძმობილების
პროექტისა და ბენეფიციარი დაწესებულების - ცენტრის წამყვანი ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.