FAQ

კონცეფციის წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან

8 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად დაედო ის გამოწვევები, რამაც დღის წესრიგში დააყენა ქვეყანაში მოქმედი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე და შიდა მექანიზმების განახლების აუცილებლობა.

2021 წლის 28 აპრილს ცენტრმა ზოგადი განათლების სფეროში მოქმედ დაინტერესებულ მხარეებთან დაიწყო საინფორმაციო-სადისკუსიო ტიპის შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებული გამოწვევების, კონცეპტუალური ხედვებისა და მიდგომების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების წარდგენა და უკუკავშირის მიღება.

შეხვედრებს უძღვებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მახარაშვილი და ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ასევე, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულ პირთა ფართო სპექტრმა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

დღეისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს კონცეფციის წარდგენა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგიონების მიხედვით.

მორიგი შეხვედრა ჩატარდა სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

პრეზენტაციის ბოლოს შეხვედრაში მონაწილე პირებს ეძლევათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღონ ამომწურავი პასუხი და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. ასევე, დამატებითი უკუკავშირისთვის ეგზავნებათ შესაბამისი კითხვარი, რომლის შედეგებიც გამოიყენება შემდგომი განვითარების მიზნებისთვის.

დაინტერესებული მხარეები პოზიტიურად აფასებენ წარმოდგენილ კონცეფციას, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ დაგეგმილ ცვლილებებს და მიესალმებიან აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებლ აქტივობებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც

კონცეფციის წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან