30 დეკემბერი 2021
ცვლილებები შევიდა „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში.
ცვლილებები ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს
- ბრძანების პრეამბულაში გაკეთდა ჩანაწერი და დაზუსტდა ბრძანების რეგულირების სფერო და დადგინდა, რომ კრედიტებით გაანგარიშების წესი და სწავლის შედეგების შეფასება ეფუძნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და მიდგომებს
- „შეფასების მეთოდების“ განმარტება გამდიდრდა სხვადასხვა სფეროსათვის დამახასიათებელი შეფასების მეთოდების დამატებით, როგორიცაა: პორტფოლიო, გამოფენა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE);
- ტერმინთა განმარტებას დაემატა მოდულისა და კონცენტრაციის განმარტება;
- გაანალიზდა ბრძანებაში არსებული ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც უფრო მეტად უკავშირდებოდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს და ეს ჩანაწერები ამოღებულ იქნა ბრძანებიდან;
- შეფასების კომპონენტებში (შუალედური და დასკვნითი შეფასებები) დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრების შედეგად, სტუდენტის შეფასების მინიმალური ქულა შესაძლებელია აღემატებოდეს 51 ქულას. შესაბამისად, ცვლილებებით რეგულაცია ხდება უფრო მკაფიო და ნათელი სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება უფლებამოსილება, საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკის, აგრეთვე მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გათვალისწინებით, დაადგინოს ამ ბრძანებით განსაზღვრული შეფასების სისტემისგან განსხვავებული მინიმალური დადებითი შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები და 60 ქულაზე მეტი;
- წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი მედიცინის პროგრამაზე შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს (მიმდინარე რედაქციით დაშვებულია 60%), თუკი ეს განსაზღვრული იქნება მედიცინის დარგობრივი მახასიათებლით;
- ერთმანეთისგან გაიმიჯნა სტუდენტის შეფასება სასწავლო კომპონენტსა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტებისათვის და ცალ-ცალკე მუხლებად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის მიხედვით, უფრო მეტად მოწესრიგდა სტუდენტის შეფასების საკითხები სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის თავისებურებების გათვალისწინებით;
- წარმოდგენილი ბრძანების პროექტით უფრო ნათლად იქნა ჩამოყალიბებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთჯერადად შეფასების მოთხოვნა და განისაზღვრა შემდეგი სახით: - „აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად წარდგენილი სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, დისერტაცია, ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი, ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომი უნდა შეფასდეს მთლიანობაში ერთიანად - დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ შეფასებას“;
- ვინაიდან სამეცნიერო - კვლევითი კომპონენტი ფასდება ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი შეფასებით, სტუდენტის მიერ ნაშრომის მომზადებისათვის სამუშაო რომ იყოს ორგანიზებულად წარმართული და ასევე, ნაშრომზე მუშაობის პროგრესი ერთგვარად შეფასდეს, ცვლილებების ფარგლებში განისაზღვრა, რომ ინსტიტუცია უფლებამოსილია განსაზღვროს სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობები, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის პროგრესიის პერიოდულ განმავითარებელ შეფასებებს;
- წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნის შესაბამისად, გარდამავალმა დებულებამ გაითვალისწინა, რომ COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიის პირობებში საბაკალავრო ნაშრომის მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკისა და სტუდენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს ნაშრომის შესრულებისა და შეფასებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი წესისგან განსხვავებული ვადები. გარდამავალ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ, რომ პროგრამები და შიდა მარეგულირებელი აქტები ბრძანების ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5310221?publication=0