განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მშენებლობის ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრების საკონსულტაციო შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ბატონ გიორგი ჩიტაძესთან, რომელიც ამავდროულად არის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გიორგი ჩიტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში რიგ ტექნიკურ სფეროებში, მათ შორის მშენებლობის სფეროში, თანამედროვე ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ გიორგი ჩიტაძის ინიციატივა ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც მშენებლობისა და ინჟინერიის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, ისე მოცემულ სფეროში ოპერირებადი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრის მონაწილეთა შეთანხმებით, ჩაინიშნება გაფართოებული შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების, მშენებლობისა და ინჟინერიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისა და სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც იმსჯელებენ მშენებლობისა და ინჟინერიის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაში ევროპული და საერთაშორსიო მარეგულირებელი სტანდარტების დანერგვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.