განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირების მიერ ფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებული დასაქმების პროგრამების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდა.
მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთების, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების პროცესში დასაქმებისათვის საჭირო უნარების გათვალისწინების უზრუნველყოფის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფის და შრომის ბაზარზე მეტად ორიენტირების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ასევე, მხარეთა კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებში.
მემორანდუმს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერეს ხელი.