საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის N25 ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშნენ.
საბჭო ერთადერთი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოა ქვეყანაში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.
მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით. იგეგმება ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცვლილება, რასაც მოჰყვება ქვეყანაში განათლების ხარისხის კულტურის დამკვიდრების მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საბჭოს როლი და მანდატი. ის შემფასებელთან ერთად განმავითარებელ ფუნქციასაც ატარებს. შესაბამისად, საბჭომ არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, სკოლებს რეალისტური, მათ სპეციფიკაზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები უნდა მისცეს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს 120-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უწევს რეავტორიზაცია, რომლებიც მოქმედი სტანდარტების შესაბამისად შეფასდებიან.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების დაინიშვნის ბრძანება ძალაშია 2022 წლის 12 თებერვლიდან.