FAQ

ბოლონიის პროცესის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 მარტი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების თემატური ექსპერტთა ჯგუფის (TPG A on QF) მესამე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ჯგუფის წევრი ქვეყნებისა და საკონსულტაციო ფუნქციის მქონე ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო ჯგუფის მონაწილე ქვეყნების 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.

მომდევნო წლებში სამუშაო ჯგუფის თემატური მიმართულებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირების პროცესს;
  • მიკროკრედიტებს უმაღლეს განათლებაში;
  • ბოლონიის პროცესის წევრ ქვეყნებში კრედიტების სისტემის დანერგვას;
  • უმაღლეს განათლებაში მოკლე ციკლის პროგრამებს;
  • დაინტერესებული მხარეების მიერ კვალიფიკაციების ჩარჩოს გამოყენებას;
  • ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას.
  •  

სამუშაო ჯგუფმა, ასევე განიხილა ჯგუფის ფარგლებში პირველი ინიცირებული საპროექტო განაცხადის შეფასების შედეგები. 36 თვიანი პროექტის „კვალიფიკაციების ჩარჩო ნდობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნებისთვის (QUATRA)“ განხორციელება ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსებით მოხდება.

 

პროექტს კოორდინაციას გაუწევს ლატვიის საინფორმაციო ცენტრი, ხოლო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტში ჩართულია როგორც პროექტის ასოცირებული პარტნიორი.

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამუშაო ჯგუფის წევრ ქვეყნებში ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას, კერძოდ კი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას.

 

პროექტის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოში უმასპინძლებს ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჯგუფის (TPG A on QF) სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 36 ქვეყნის 50 მეტი წარმომადგენელი.

 

საქართველო ასევე უმასპინძლებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირების თემაზე ექსპერტთა შორის გამოცდილების გაზიარების (PLA) ღონისძიებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველო კოორდინაციას გაუწევს თვითსერტიფიცირების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, რათა სათანადოდ მოემზადოს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA) თავსებადობის დადგენის მიზნით თვითშეფასების პროცესისთვის.

 

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი თემატური შეხვედრები მიკოკრედიტების და უმაღლეს განათლებაში მოკლე ციკლის პროგრამების შესახებ.

 

კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური ექსპერტთა ჯგუფის (TPG A on QF) შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 2022 წლის შემოდგომაზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში.

 

СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.

ბოლონიის პროცესის  მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა