განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიწვევით, 30-31 მაისს, მონტენეგროში, მონტენეგროს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გარე შეფასებაში, საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
საქართველო, ევროპის განათლების ფონდის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმის წევრია, რომლის მიზანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ხარისხის სისტემების განვითარებას, მათ შორის პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის ერთიანი ევროპული ინდიკატორების (EQAVET) დანერგვას, რაც საქართველოში ფონდის მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს.
კახაბერ ერაძის განცხადებით - „ქართული მხარის მიწვევა გარე შემფასებლად განაპირობა საქართველოს განსაკუთრებულმა მიღწევებმა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში, რაც არაერთხელ აღინიშნა ფონდის მიერ სხვადასხვა ფორმატში. ეს ჩვენი სისტემის საერთაშორისო აღიარებაა. მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს მასპინძელი და სტუმარი ქვეყნების სისტემების განვითარებას და დაახლოებას. განსაკუთრებით საინტერესო იყო მასპინძელი მხარისათვის ჩვენს მიერ მიცემული რეკომენდაციები და საქართველოში უკვე დანერგილი პრაქტიკა ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირებასთან, თვითშეფასების პროცესის გაციფრულებასთან, განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების დანერგვასთან და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში კერძო სექტორის წარმომადგენელთა მაღალი ხარისხით ჩართულობასთან დაკავშირებით“.