10 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ფრაინბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის უნივერსიტეტისა და საქართველოს კარიტასის მიერ განხორციელებული ოთხწლიანი პროგრამის „გერიატრიული პაციენტის მოვლის“ დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად უჭერდა მხარს პროგრამის განხორციელებას, განსაკუთრებით კი გერმანული მხარის მიერ გაზიარებული, კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებული მიდგომების ფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების კუთხით, რამაც ოთხწლიანი მუშაობის შედეგების მდგრადობას უნდა შეუწყოს ხელი. ჯამში კი ეს კვალიფიციური ექთნებისა და მოვლის სპეციალისტების მომზადებას ემსახურება, რაც მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე აისახება“ - განაცხადა კახაბერ ერაძემ.
პროგრამის ფარგლებში მომზადებულ სპეციალისტებს, რომლებიც იმავდროულად მიღებული კომპეტენციების მულტიპლიკატორები არიან, ფრაიბურგის უნივერსიტეტის სერტიფიკატები და ევროპასის შესაბამისი სერტიფიკატის დანართები გადაეცათ, რაც მათ საშუალებას აძლევს დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში და წარმატებით დასაქმდნენ ამ მიმართულებით.