გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა და სწავლა შეუძლია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (მინიმალური ზღვარის გადალახვის) საფუძველზე, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებმაც კრედიტები დააგროვეს უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტს ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რის დასადგენადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს პირის უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასევე განგიმარტავთ, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი, საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობისათვის საჭიროებს ავტორიზაციას ან/და აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალი
აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს მოქალაქე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შეიძლება ჩაირიცხოს მხოლოდ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის საფუძველზე, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, დასწრებული ფორმით განათლების მიღებას და უცხოეთში მიღებული კრედიტების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამასთან თავსებადობის დადგენას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: info@eqe.ge