22 და 23 ივლისს, დაბა ბაკურიანში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა/სემინარი - "პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზდების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერება".
სემინარის მიზანი იყო საბჭოს საქმიანობის არსებული პრაქტიკის მიმოხილვა და გაზიარება. ასევე, პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების სტანდარტებში დაგეგმილ ცვლილებებსა და პროცესებზე მსჯელობა.
სემინარს ესწრებოდნენ განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრები, ასევე, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ცენტრის დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები.
სემინარი გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც დამსწრე პირებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მოპოვების სტანდარტებში დაგეგმილ ცვლილებებსა და პროცესებზე.
სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს შრომის ბაზრის ანალიზის როლზე, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებისას და რამდენად მნიშვნელოვანია საბჭოს საქმიანობა სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის.
ასევე, სემინარის ფარგლებში, ცენტრის დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებულებების/იურიდიული პირების გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეფუძნებოდა ცენტრის მიერ განხორციელებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მოპოვების პროცესით კმაყოფილების კვლევას.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, რომლებიც პირდაპირ აისახება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის მექანიზმების განვითარებაზე.
ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.