განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, 7-9 ოქტომბერს, ჰააგაში, მსოფლიო ფორუმში გამართულ გლობალურ კონფერენციას დაესწრო.
ამ მასშტაბის კონფერენცია კოვიდის პანდემიის შემდეგ პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ზოგადი განათლების სფეროში მომუშავე 2000 მდე პირი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სკოლების წარმომადგენელები, ექსპერტები, მკვლევარები და დამოუკიდებელი თუ სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები. კონფერენციას საერთაშორისო ბაკალავრიატმა (IB) გაუწია ორგანიზება.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და შეეხებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითრების, საგანმანათლებლო რესურსების, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის, მოსწავლეთა და სკოლის მუშაობის შეფასების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
კონფერენციის მსვლელობისას კახაბერ ერაძემ შეხვედრები გამართა საეთაშორისო ბაკალავრიატის ბიზნეს პროცესების დირექტორთან ჰაიფ ბანაიანთან, ასევე ორგანიზაციის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, სადაც გაცვალეს ინფორმაციები ზოგად განათლებაში მიმდინარე რეფორმების თაობაზე, საქართველოში IB პროგრამების განმახორციელებლების და მათთან კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხებზე, ორგანიზაციის ხედვაზე უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საერთაშორისო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისათვის, შესაძლო თანამშრომლობის ასპექტებზე ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.