FAQ

ხარისხის უზრუნველყოფის მნიშნელოვანი საკითხების შესახებ ტრენინგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

26 დეკემბერი 2022

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიციას და შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, 2022 წლის 22 და 23 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს დაესწროს შეხვედრას და მიიღოს ინფორმაცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 120 მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელმა.

 

შეხვედრებისას განხილულია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკები, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სპეციფიკა და განვითარების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პროცესში, სადოქტორო პროგრამების შეფასების განვითარების ტენდენციები და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები, ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ტენდენციები და აკადემიური თავისუფლების შეფასების გამოცდილება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე და შიდა შეფასების პროცესებში.

 

სამუშაო შეხვედრის დასაწყისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრის ერთ-ერთ ძირითად მანდატს წარმოადგენს უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების გზით, შიდა ხარისხის კულტურის ფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობა. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას თემატური მოხსენებები წარმოადგინეს ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის

თანამშრომლებმა. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრის მიერ 2023 წელს დაგეგმილი წლიური კონფერენციის ფორმატისა ძირითადი მიმართულებების შესახებ.

 

პრეზენტაციების შემდეგ აქტიური დისკუსიის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარმოადგინეს მოსაზრებები და რჩევები, თუ როგორ ესახებათ მათ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, განხილულ საკითხებთან მიმართებაში დამსწრე პირებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი პრაქტიკა და გამოცდილება. ტრენინგის მსვლელობისას, დისკუსიის შედეგად მოხდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება და 2023 წლისთვის დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავად წარმოადგინონ პრაქტიკული მოსაზრებები და კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.