საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში 3 და 4 დეკემბერს ჩატარდება ტორინოს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონული კონფერენცია, რომელიც განათლების ევროპული ფონდის (ETF) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტორინოს პროცესის ფარგლებში დანერგილი პროფესიული განათლების სისტემების ანალიზი. მონაწილეები ბოლო ორი წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული დადებითი ცვლილებების საერთო და განსხვავებულ მახასიათებლებს მიმოიხილავენ. ასევე, განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრობლემების, პრიორიტეტების და რეგიონული თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები.
კონფერენციას 6 პარტნიორი ქვეყნის, ასევე, ევროკომისიის, განათლების ევროპული ფონდისა (ETF) და პროფესიული მომზადების განვითარების ევროპული ცენტრის (CEDEFOP) 60-მდე დელეგატი დაესწრება. მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, სტატისტიკის ეროვნული კომიტეტების, სხვა სახელმწიფო უწყებების, პროფესიული სასწავლებლების, სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.