გლობალური აკადემიური კეთილსინდისიერების ქსელი წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების სააგენტოებისა და უმაღლესი განათლების სფეროში ჩართული უფლებამოსილი ორგანოებისაგან შემდგარ კონსორციუმს, რომელსაც კოორდინირებას უწევს ირლანდიის ხარისხისა და კვალიფიკაციების სააგენტო (QQI) და ავსტრალიის უმაღლესი განათლების ხარისხისა და სტანდარტების სააგენტო (TEQSA). ქსელის მიზანია ერთობლივი მიდგომების გამოყენებით აკადემიური თაღლითობის განმახორციელებელი სერვისების საფრთხეებთან დაკავშირებით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, ამ ტიპის საფრთხეების აღმოფხვრის მექანიზმების დანერგვა და ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემების მიმართ ნდობის შენარჩუნება საერთაშორისო დონეზე.
აკადემიური თაღლითობის სახეობებს წარმოადგენს სხვის მაგივრად ნაშრომის/დავალების შესრულება, სხვისი ნამუშევრის გაყიდვა და შეძენა, ასევე სტუდენტის მიერ სხვისი ნაშრომის გამოყენება შეფასების მისაღებად. კომერციული აკადემიური თაღლითობა მრავალ ქვეყანაში გავრცელებულ პრობლემაა, რაც საფრთხეს უქმნის სტუდენტებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას, რადგან მისი შედეგები პირდაპირ აისახება უმაღლესი განათლების ხარისხსა და მის მიმართ ნდობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გლობალური აკადემიური კეთილსინიდიერების ქსელის წევრობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალებას მისცემს გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება აკადემიური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და წვლილი შეიტანოს ცნობიერების ამაღლებაში მისგან გამოწვეული საფრთხეების თაობაზე. ქსელის წევრობა ცენტრს ასევე დაეხმარება განავითაროს საერთაშორისო თანამშრომლობა ამ მიმართულებით და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, წვლილი შეიტანოს ეროვნულ დონეზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარებაში, აკადემიური თაღლითობის წამახალისებელი სერვისებისა და პლატფორმებისგან გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად.