განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პარტნიორის სტატუსით შეუერთდა ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტს სახელწოდებით „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.
პროექტის ფარგლებში, პირველი ეროვნული შეხვედრა სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა და ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლაშა მარგიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, ცენტრის მიზანია აკადემიური და კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების თანამედროვე გამოწვევების ანალიზი ადგილობრივი ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მოთხოვნებთან მიმართებაში, ამ მხრივ საუკეთესო პრაქტიკების მოძიება, პროექტის პარტნიორებთან განხილვა და მოქმედი სტანდარტების დახვეწა, სათანადო პოლიტიკის მხარდაჭერა, როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე.
პროექტი სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით განხორციელდება 2023-2027 წლებში და მასში ცენტრთან ერთად ჩართულები იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ადგილობრივი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე პარტნიორები ევროკავშირიდან, კერძოდ ნიდერლანდებიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან.