განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის პროფესიული განათლების ხარისხის ინდიკატორების (EQAVET) გამოყენებას პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისათვის.
ხარისხის ევროპული ინდიკატორების ინტეგრირება საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის ზრდას.
სამუშაო შეხვედრას ევროპის განათლების ფონდის ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტმა, მუნირ ბაათმა გაუწია ფასილიტაცია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უნარების სააგენტოს, ავტორიზაციის საბჭოს, საჯარო და კერძო კოლეჯების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებს, ონლაინ რეჟიმში , ამ მხრივ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ნიდერლანდების, პორტუგალიის და რუმინეთის წარმომადგენლებმა.
შეხვედრა ევროპის განათლების ფონდის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმის ფარგლებში ტარდება, რომელთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე სამი წელია წარმატებით თანამშრომლობს.