FAQ

თანამშრომლობითი ვიზიტები - ახალი შესაძლებლობები პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით

9 ივნისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.


ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარება მნიშვნელოვანია, დაწესებულების მიერ საკუთარი როლის და მისიის სწორი გააზრების ხელშეწყობისათვის, ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის დანერგვისათვის.


ამ მიზნით, პირველად საქართველოს განათლების სისტემაში, ინერგება თანამშრომლობითი ვიზიტების მექანიზმი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერაში.


პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებებს შორის  ხარისხის უზრუნვეყოფის გაუმჯობესების მექანიზმად თანამშრომლობითი ვიზიტების გამოყენება  გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ავსტრია, ავსტრალია, ა.შ.შ.). აღნიშნული მექანიზმის გამოყენების ეფექტიანობა დაადასტურეს პორტუგალიის, ნიდერლანდების და რუმინეთის წარმომადგენელმა ექსპერტებმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენელთა ერთობლივ შეხვედრაზე.  


თანამშომლობითი ვიზიტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის  დაბეჯითებით არის რეკომენდებული და მხარდაჭერილი ევროპის განათლების ფონდის (ETF)  მიერ.


თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელების პრინციპი, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ხორციელდება,  გულისხმობს,  პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ანალიზისა და უკუკავშირის მიწოდებას მათგან, ვისაც აქვს პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება და იცის მოცემული სფეროს სპეციფიკა.


თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელება უნიკალური შესაძლებლობაა  პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის, მიიღონ დეტალური და ობიექტური უკუკავშირი მაღალკვალიფიციური და საფუძვლიანად მომზადებული კოლეგებისგან.  


ვიზიტების შედეგად მიღებული გამოცდილება ძალზედ სასარგებლო იქნება როგორც მასპინძელი დაწესებულების ასევე, ვიზიტში მონაწილე კოლეგა, ვიზიტორი დაწესებულებებისთვის, რადგან აღნიშნული მექანიზმი აძლიერებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს  საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების გზით.


უახლოეს დღეებში ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოცხადდება განაცხადების მიღება მასპინძელი დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით. დაწესებულებებს მოვუწოდებთ ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობით და აქტიურად ჩაერთონ თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელების პროცესში.


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა საუკეთესო ევროპულ მეთოდოლოგიასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიმუშავა შესაბამისი მეთოდოლოგია და ის ფასილიტაციას გაუწევს სრულ პროცესს.


ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს მომავალშიც შესთავაზებს მექანიზმებს, რომლებიც მიმართული იქნება ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაზე.