20 დეკემბერი 2014
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 20 დეკემბერს, „თბილისი მარიოტში“ „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და პროფესიულ სტანდარტებსა და პროგრამებზე მომუშავე ფასილიტატორები ესწრებოდნენ.
ღონისძიება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ გახსნა. „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ 2014 წლის ანგარიში ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარმოადგინა.
კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელმა კახაბერ ერაძემ აღნიშნა მოდულური პროგრამების მნიშვნელობა საგანმანათლებლო სისტემის მოქნილობისა და რელევანტურობის ასამაღლებად.
პროფესიულ კვალიფიკაციათა პროგრამის ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია არსებული პროფესიული სტანდარტების გადახედვა, მოდულური პროგრამების და შესაბამისი სასწავლო მასალებისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება.
„პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში:
• შემუშავდა მოდულური პროფესიული პროგრამის მეთოდოლოგია;
• შეიქმნა 101 პროფესიული სტანდარტი, რომელთა შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა კომპანიამ;
• 500-ზე მეტ პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი მოდულური პროგრამების შემუშავების, პროფესიულ განათლებაში წარმატებული სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიაში;
• კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით მომზადდა და ექსპერტიზა გაიარა 62-მა მოდულურმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ, რომლებიც სავალდებულო და არჩევითი 1198 პროფესიული მოდულისგან შედგება;
• პროგრამების სავალდებულო კომპონენტია, ასევე, ზოგადი უნარების განმავითარებელი მოდულები (მათ შორის, უცხო ენა, მეწარმეობა, კომუნიკაცია, ინტერპერსონალური ურთიერთობები, რაოდენობრივი წიგნიერება);
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა შეაჯამა.