FAQ

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

19 ივნისი 2023

ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ცენტრის წარმომადგენლებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართეს. 


მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში განხილულია თანამშრომლობითი ვიზიტების მექანიზმი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის, რომელიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით,  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებასა და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერაში. 


თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელება უნიკალური შესაძლებლობაა პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის, მიიღონ დეტალური და ობიექტური უკუკავშირი კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე კოლეგებისგან. 
ვიზიტების შედეგად მიღებული გამოცდილება ძალზედ სასარგებლო იქნება როგორც მასპინძელი დაწესებულების ასევე, ვიზიტში მონაწილე კოლეგა, ვიზიტორი დაწესებულებებისთვის, რადგან აღნიშნული მექანიზმი აძლიერებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს  საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების გზით.


თანამშომლობითი ვიზიტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის  დაბეჯითებით არის რეკომენდებული და მხარდაჭერილი ევროპის განათლების ფონდის (ETF)  მიერ.


საგულისხმოა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების ურთიერთგაძლიერების ამგვარი მექანიზმი საქართველოს განათლების სისტემაში პირველად   ინერგება. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა ცენტრის მიერ წარდგენილი ინიციატივა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის  თანამშრომლიბითი ვიზიტების დანერგვასთან დაკავშირებით. პრეზენტაციაზე დამსწრე პირებმა აღნიშნეს, რომ   თანამშრომლობითი ვიზიტები ძალზედ ეფექტიანი  მექანიზმი იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საუკეთესო პრაქტიკის,  გამოცდილების გაზიარებისა და  თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებისთვის.