განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟურნალის „პროფესიული განათლება“ ორგანიზებით პირველ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო თემაზე „ლიდერობა პროფესიულ განათლებაში“.
კახაბერ ერაძემ კონფერენციაზე წარადგინა პრეზენტაცია „პროფესიული განათლების ხარისხის ევროპული ინდიკატორები და პროფესიული განათლების ლიდერის ახალი როლი“.
„პროფესიული განათლების განვითარების ამ ეტაპზე აქტუალური ხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერის როლზე აქტიურად დავიწყოთ მუშაობა. კოლეჯის ხელმძღვანელი წარმოგვიდგენია როგორც ადმინისტრაციული, ისე საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც სწორად იყენებს კოლეჯის ავტონომიურობის ხარისხს, ეფექტურად განკარგავს და ავითარებს მატერიალური, ფინანსურ, საინფორმაციო და ადამიანურ რესურსებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას კერძო სექტორის საჭიროებების გათვალისწინებით. ეს მაღალ კომპეტენციას მოითხოვს ლიდერისაგან, რაც სისტემის შემდგომი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“- განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში კახაბერ ერაძემ.
კონფერენციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოსა და უნივერსიტეტის წამომდგენლები, ასევე პროფესიული განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საჯარო და კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები, ავტორიზაციის საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.