განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლაშა მარგიშვილი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ ფარჯანაძე,იურიდიული სამსახურის უფროსი, ქეთევან კობახიძედა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი იურიდიული განათლების მიმართულებით, ნინო ბალანჩივაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო FIBAA-ს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ის საუკეთესო პრაქტიკები, რომლებსაც ორივე სააგენტო იყენებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესებში.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული განათლების განვითარების მიზნით, ცენტრი აქტიურადთანამშრომლობს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან და მიმდინარეობს მუშაობა სამართლის დარგობრივი მახასიათებლის სახელმძღვანელოს შექმნაზე. შესაბამისად, შეხვედრის დროს, სააგენტოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამართლის პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზებზე.
საგულისხმოა, რომ FIBAA ძირითადად ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების სამ მოდელს: 1) ინსტიტუციური შეფასება, 2) პროგრამული შეფასება და 3) სისტემური შეფასება. ცენტრის თანამშრომლები გაეცნენ აღნიშნულ მოდელებს და კოლეგებთან ერთად დეტალურად იმსჯელეს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების, მისი გარე და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების და კურსდამთავრებულების პროფესიაში შესვლის სპეციფიკაზე.
ცენტრის თანამშრომლებისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სისტემური შეფასების მოდელი, რომლის მიხედვითაც FIBAA გარე შეფასების ფარგლებში სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, რომლის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას.
სამუშაო ვიზიტი საინტერესო იყო მასპინძელი ხარისხის სააგენტოსთვისაც. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკა, ასევე, სამართლის დარგობრივი მახასიათებლის სტრუქტურა და შინაარსი.
აღნიშნული სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ცენტრსა და გერმანიის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო FIBAA-ს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.