FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

2 აგვისტო 2023

შევიდა ცვლილებები „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში.

 

ცვლილებები ძირითადად შეეხო შემდეგ დეტალურ სფეროებს: 0111 განათლების მეცნიერება; 0215 მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება; 0232 ლიტერატურა და ლინგვისტიკა; 0211 აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება და 1041 ტრანსპორტის მომსახურებები.

 

ცვლილებების თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდა განათლების მეცნიერების დეტალური სფეროს აღმწერი, რომელმაც მოიცვა მათ შორის განათლების პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური, კულტურული, ტექნოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და მართვის საკითხები. ამავე დეტალურ სფეროს მე-2 სვეტს დაემატა სწავლის სფერო განათლების პოლიტიკა. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ განათლების პოლიტიკის სწავლის სფეროს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები.

 

ცვლილებების შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდა შემდეგი დეტალური სფეროს სახელწოდებები:

1. აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე);

2. საშემსრულებლო ხელოვნება (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდოდირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური

დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანისაკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა /ძველებური მუსიკალური საკრავები).

 

ამასთან, საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს პირველ სვეტს დაემატა სწავლის სფერო სამუსიკო ხელოვნებაში, რაც საშუალებას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღნიშნულ სწავლის სფეროში შეიმუშაონ და განახორციელოს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.

 

წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელი გახდა, სასწავლო კურსი, სახელოვნებო-შემოქმედებით კომპონენტი, აქტივობა ან პროექტი გაიარონ უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებმა ერთობლივად.

 

ცვლილებების თანახმად, ლიტერატურისა და ლინგვისტიკის დეტალურ სფეროს პირველ სვეტში გადმოვიდა ლიტერატურათმცოდენობა. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა ლიტერატურათმცოდნეობის სწავლის სფეროში მაგისტრატურასთან ერთად შეიმუშაონ საბაკალავრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამები.

 

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებებით, სწავლის სფეროების ნაწილში (მაგალითად: ხელოვნება, გარემო, ინჟინერია და საინჟინრო საქმე, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, პერსონალური მომსახურებები) ახლებურად ჩამოყალიბდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებები.

 

კლასიფიკატორში, ასევე განხორციელდა რამდენიმე ტექნიკური ცვლილებება, რომელიც გულისხმობს სფეროების დასახელებაში ტექნიკური ან გრამატიკული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას.

 

განხორციელებული ცვლილებები ინიცირებული იყო შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების მიერ. შესაბამისად, ცენტრი მადლობას უხდის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

აღნიშნული ცვლილებები იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/document/view/5873972?publication=0