FAQ

პროფესიული მასწავლებლების ტრენინგები დასრულდა

12 სექტემბერი 2014

პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგიური ტრენინგები 8 სექტემბერს დასრულდა. ტრენინგები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 10 აგვისტოდან  მიმდინარეობდა.

ტრენინგებში 70 საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლიდან 342 პედაგოგი, ასევე, ბიზნეს სექტორის ტრენინგ ცენტრებისა და პროფესიული ასოციაციების 127 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილეები დაეუფლნენ მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგიასა და გაეცნენ პროფესიულ განათლებაში სწავლების და შეფასების თანამედროვე მიდგომებს. ტრენინგის მონაწილეები წარმოადგენენ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც პროგრამის ფასილიტატორების დახმარებითა და კოორდინაციით 60 სარეკომენდაციო მოდულური პროფესიული პროგრამის შექმნაზე მუშაობენ.
 
სემინარების ბოლო დღეს, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტის  პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის წევრებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. 
 
2014 წელს პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 60 სარეკომენდაციო მოდულური პროფესიული პროგრამის შემუშავება და ამ პროგრამის შემადგენელი 50 მოდულის პილოტირება მოიაზრება. მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა ინტენსიურად თანამშრომლობს სისტემის როგორც კერძო ასევე საჯარო პროვაიდერებთან, განათლების ექსპერტებსა და დამსაქმებლებთან. 
 
„პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიისა და ევროკავშირის 27-მილიონიანი საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი  პრიორიტეტი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების  შემუშავება და დანერგვაა.
პროფესიული მასწავლებლების  ტრენინგები დასრულდა