FAQ

საქართველომ ბოლონიის პროცესის  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებებს უმასპინძლა

30 სექტემბერი 2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველომ ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების თემატური ჯგუფის ( TPG A on QF) ღონისძიებებს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე პასუხისმგებელმა სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, უმაღლესი განათლების ექსპერტებმა და ბოლონიის პროცესის მონაწილე 25 ქვეყნის წარმომადგენელმა. 


ორდღიან შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ბოლონიის პროცესის თვითსერტიფიცირების მექანიზმზე, რომლის პროცესის წარმატებით გავლით ქვეყანა ადასტურებს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული უმაღლესი განათლების საერთო სივრცესთან თავსებადობას. ასევე, იმსჯელეს ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოსა და შემდგომ ნაბიჯებზე. 
საქართველო, ავსტრიასთან და ლატვიასთან ერთად,  ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფს (TPG A on QF) 2021 წლიდან თავმჯდომარეობს.


ჯგუფის მიზანია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ძირითადი ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობა, პოლიტიკის რეკომენდაციების შეთავაზება ბოლონიის პროცესის სამუშაო სტრუქტურებისთვის. 


აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ჯგუფის წევრია ბოლონიის პროცესის 28 წევრი ქვეყანა და ევროპული ინსტიტუტები: ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპის სტუდენტური გაერთიანება და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება. 
 

საქართველომ ბოლონიის პროცესის  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებებს უმასპინძლა