24 ივლისი 2014
2014 წლის 4 ივლისიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განახლდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, ქალბატონ თამარ მახარაშვილის ხელმძღვანელობით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე უკეთ ორიენტირებული მეთოდოლოგიის დანერგვის საფუძველზე.
პროგრამის ძირითადი ამოცანებია: 1. პროფესიის-სამუშაოთა ანალიზი; 2. „დაკუმ“ სემინარების ორგანიზება და შესაბამისი პროფესიული სტანდარტების პროექტების მომზადება; 3. მოდულური პროფესიული პროგრამების ავტორთა ჯგუფებისათვის ტრენინგების ორგანიზება; 4. მოდულის პილოტირება პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით; 5. საჭიროებათა ანალიზი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალების არსებობის შესახებ და სხვ.
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა გულისხმობს ინტერვენციებს რამდენიმე მიმართულებით: 1. პროფესიული სტანდარტების შემუშავება-განახლება; 2. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ვალიდაცია; 3. შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა; 4. საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გადახედვა.
აღნიშნული ხორციელდება 2012 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში.
პროგრამის პირველი ფაზის მოსალოდნელი ძირითადი შედეგებია: ა) 100 განახლებული და გაუმჯობესებული პროფესიული სტანდარტის პროექტი; ბ) პროფესიული სტანდარტების შემუშავებისათვის მომზადებული ადამიანური რესურსი (საშუალოდ 500 ადამიანი); გ) მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებაში გადამზადებული ადამიანური რესურსი (საშუალოდ 300 ადამიანი); დ) 60 პროფესიული საკვალიფიკაციო პროგრამის პროექტის შესაბამისი პროფესიული მოდულები; ე) 8 პროგრამის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების პროექტი; ვ) 8 პროგრამის შესაბამისი სასწავლო რესურსი (საშუალოდ 8 გზამკვლევი) და სხვ.
პროგრამის პირველი ფაზა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.