განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში , ლისაბონის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ლტოლვილების მიერ საქართველოში მიღებული განათლების აღიარების მექანიზმის დასახვეწად აგრძელებს პროექტის - „ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა“ განხორციელებას.
ცენტრმა, აღნიშული გრანტი ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ლისაბონის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში, ევროპის საბჭოს განათლების პროგრამაში ჩართული ქვეყნების საინფორმაციო ცენტრების (ENIC Centres) მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების კვლევის შედეგად, ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეიმუშავა ტრენინგმოდული ლტოლვილთა და საერთაშორისო სტატუსის მქონე პირთა მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურების შესახებ. ასევე, ცენტრის იმ თანამშრომლებისთვის მომზადდა ტრენინგმოდული, რომლებსაც მოქალაქეებთან უწევთ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცემა. ტრენინგებს ესწრებოდა 33 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 44 წარმომდგენელი და ცენტრის 46 თანამშრომელი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ არსებულ პროცედურას ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე და პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. დამატებით, ცენტრმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ლტოლვილთა განათლების აღიარების მიმართულებით გასავითარებელი მხარეების ზოგადი მონახაზი. მონაწილეებმა წარმოადგინეს გარკვეული სახის რეკომენდაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობის დროს იქნება გათვალისწინებული.
პროექტის შემდგომ ეტაპზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაგეგმილია სახელმძღვანელოს მომზადება, რომელშიც დეტალურად გაიწერება ლტოლვილების განათლების აღიარებაზე არსებული პროცედურა. გარდა ამისა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით მომზადდება ბროშურა ლტოლვილთა განათლების აღიარების არსებულ პროცედურასთან დაკავშირებით ქართულ, ინგლისურ და სხვა უცხო ენებზე. ბროშურაში აღიწერება სამართლებრივი პროცედურები, სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა, საკონტაქტო ინფორმაცია და იმ დაწესებულებების დასახელებები, სადაც აპლიკანტები შეძლებენ გაიარონ განათლების აღიარების პროცედურა. ბროშურები მიეწოდება ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე შესაბამის ორგანიზაციებს, ლტოლვილთა საბჭოს და ა.შ. სადაც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან მყარდება პირველადი კონტაქტი.