FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა

19 ოქტომბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება ჩატარდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ სერტიფიკატები გადასცა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებს, წარმატებები უსურვა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საპასუხისმგებლო საქმეში. მის მისალოც მიმართვაში ხაზი გაესვა პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა და ექსპერტთა როლს.
 
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით განხორციელებული კონკურსი მოიცავდა მონაწილეთათვის შეფასების რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვას და ტრენინგების ციკლს, რომელიც წინ უძღვოდა საბოლოო შეფასებას. კონკურსის ფარგლებში შემოსული 500-მდე აპლიკანტიდან კონკურსით გათვალისწინებული I ეტაპი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით) წარმატებით დაძლია 464 კანდიდატმა,  II ეტაპი (კანდიდატთა უნარების/პიროვნული თვისებების შეფასება (გასაუბრება)) წარმატებით დაძლია  121 კანდიდატმა, ხოლო  IV ეტაპი (საბოლოო შეფასება (გასაუბრება)) წარმატებით გაიარა და შესაბამისად, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიცირებული სტატუსი მოიპოვა 25 პირმა. 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმატებას უსურვებს თითოეულ სერტიფიცირებულ სპეციალისტს ერთიან საქმეში, რომელსაც პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ჰქვია. 
 

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა