განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტებისთვის კურიკულუმის მიმართულებით, ონლაინ ტრენინგები გაიმართა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერებას ავტორიზაციის პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენერებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ხარისხის ჩარჩო, საკანონმდებლო მარეგულირებელი დოკუმენტები, ავტორიზაციის სტანდარტები და შეფასების პრინციპები. ასევე განიხილეს ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე მეთოდოლოგიური დოკუმენტები და მექანიზმები, კერძოდ: ბავშვების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია და ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის დაგეგმვის მეთოდოლოგია. ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები, წარიმართა დისკუსია მონაწილეების ჩართულობით და გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.