FAQ

თბილისის მერიის წარმომადგენლები სტუმრად „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

27 თებერვალი 2015



26 თებერვალს სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე და დედაქალაქის რაიონული გამგეობების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობას, მის პროფესიულ პროგრამებს, სასწავლო პროცესს, პედაგოგიურ კოლექტივს, სტუდენტთა ნამუშევრებსა და თვითშემოქმედებას. დაათვალიერეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის შექმნილი გარემო, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები და აუდიტორიები. მოისმინეს ინფორმაცია კოლეჯში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ.

სტუმრებმა ცენტრის ადმინისტაციასთან ისაუბრეს კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმების შესახებ, პარტნიორობის პერსპექტივებს დამსაქმებლებთან, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, თანამშრომლობას სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან, ასევე, საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების სფეროში ბიზნესის ჩართულობის და ცენტრის ინიციატივების შესახებ.

სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ გაზაფხულის მიღებაზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესისა და პროფესიული ტესტირებით.

საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმართველობის ყველა რგოლთან, გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებთან, საქალაქო სამსახურებთან და დედაქალაქის საჯარო სკოლების ადმინისტრაციებთან. თანამშრომლობის შედეგად მობილიზებულია ყველა რესურსი კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველების მოსაზიდად.

ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა ქართველის მხატვრის, დათო კრაწაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოწყობილი გამოფენა, რომელსაც მესამე კვირაა, რაც კოლეჯი მასპინძლობს. გამოფენის საშუალებით უკვე რამდენიმე ათეული საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, დაათვალიერონ და გაეცნონ მხატვრის შემოქმედებას.


სტუმრების თქმით, მათი თანამშრომლობა კოლეჯთან მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

თბილისის მერიის წარმომადგენლები სტუმრად „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“