განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ტუნისში, ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში დისტანციური ფორმით მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასებას - როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის დანერგვას და გამოყენებას ეძღვნებოდა. კონფერენციის მასპინძელმა ქვეყანამ ევროპის განათლების ფონდის რეკომენდაციით სამი ქვეყნის - საფრანგეთის, საბერძნეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება მიიჩნია მიზანშეწონილად.
"ჩვენ რამდენიმე წელია ევროპის განათლების ფონდის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმში აქტიურად ვართ ჩართულები. ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა ამ მიმართულებით დინამიური განვითარების კარგ პრაქტიკად განიხილება. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ტურინში გამართულ წლიურ კონფერენციაზე ქართულ მხარეს ცალკე პრეზენტაციის წარდგენის პატივი ერგო წილად. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ინდიკატორების (EQAVET) დანერგვის პროცესმა და კოლეგიალური ვიზიტების პრაქტიკამ, რისი პილოტირებაც ევროპის განათლების ფონდი მეთოდოლოგიური მხარდაჭერით გასულ წელს განხორციელდა”- აღნიშნა კახაბერ ერაძემ.