FAQ

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 მარტი 2024

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა მარგიშვილი, რომლებმაც მიულოცეს საბჭოს წევრებს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევა და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ახლადარჩეული საბჭო შედგება 18 წევრისგან, რომლებიც არიან საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და/ან ადმინისტრაციული პერსონალი, დამსაქმებელი და სტუდენტი.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მოდელის თანახმად პროგრამები ჯგუფდება სწავლის სფეროების მიხედვით და რადგან 2024 წელი განსაზღვრულია ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პერიოდად, საბჭოს შემადგენლობის უმეტესობა წარმოადგენს სწორედ ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებას.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ასევე, საბჭოს ორგანიზებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალები.

 

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა მიმოიხილეს 2022 წელს დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მოდელი. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების, შეფასების პროცესში გამოყენებული მიდგომების, საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურისა და შინაარსის ფორმირების სპეციფიკის, სწავლის მიზნებისა და შედეგების ფორმირების თავისებურებების, სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასებისას გამოყენებული მიდგომების, ცალკეული სასწავლო კურსისთვის კრედიტების განსაზღვრის პრაქტიკული მიდგომების, ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს, სწავლის სფეროების კლასიფიკატორის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.

 

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს ყველა ის არსებითი ასპექტი, რაც განაპირობებს აკრედიტაციის საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობას და განათლების ხარისხის განვითარების მიზნებზე ორიენტირებულობას.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა