პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის თანამშრომლობითი ვიზიტებისთვის 2 ყველაზე აქტუალური თემა გამოვლინდა
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, აგრძელებს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას.
ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ხორციელდება თანამშრომლობითი ვიზიტების მექანიზმის დანერგვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის, რომლებიც ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებასა და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერას.
2024 წელს იგეგმება 2 თანამშრომლობითი ვიზიტის განხორციელება.
2024 წლის 4 აპრილს დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა თანამშრომლობითი ვიზიტებისთვის 2 ყველაზე აქტუალური თემის გამოვლენის მიზნით. ხმის მიცემის პროცედურა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეძლო შეერჩია 2 თემა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაშვიდმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
თანამშრომლობითი ვიზიტებისთვის ცენტრის მიერ განსაზღვრული თემებიდან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მიმდინარე წელს დაგეგმილი ორი თანამშრომლობითი ვიზიტისთვის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი თემები:
• I ადგილი - „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება“ - 30 ხმა;
• II ადგილი - „შუალედური შეფასების ორგანიზება“– 18 ხმა.
შემდგომ ეტაპზე, მოხდება პირველ ადგილზე გასული თანამშრომლობითი ვიზიტის თემაზე მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა. ამისათვის, მასპინძლობის მსურველმა დაწესებულებამ 2024 წლის 8 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: peer.visit@eqe.ge უნდა გამოაგზავნოს თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის - დანართი N1-ით გათვალისწინებული სრულყოფილად შევსებული ფორმა, რომელშიც დაწესებულება საკუთარი გამოცდილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შერჩეულ თემასთან: „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება“ დაკავშირებით დააკონკრეტებს მისთვის საინტერესო კითხვების/ საკითხებს.
მასპინძლობის მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ, დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, ცენტრის ვებ-გვერდზე, 5 სამუშაო დღის ვადაში, ხმის მიცემის პროცედურით შეარჩიონ პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულება.