სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - ის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ა(ა)იპ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA - სა და სსიპ - კოლეჯი „ბლექსი“ - ს მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით მტკიცებულებების განსაზღვრის არსებული პრაქტიკის შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ, ხუთი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადანაწილდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების იდენტიფიცირება და არსებული მტკიცებულებების გაანალიზება ჯგუფებში შემავალი დაწესებულებების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ასევე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა და შეფასდა გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - ის ფარგლებში განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი.
2025 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სავალდებულო სახე იძენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება აღნიშნული მიმართულებით, რასაც ცენტრი კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.