FAQ

ვალიდაციის პროცესი პროფესიული განათლების ხელშესაწყობად

14 მარტი 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი ჩატარდება. ნორმატივები დაინტერესებულ მხარეებთან - შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან, დამსაქმებელთა ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დარგის სპეციალისტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონსულტაციების გზით შეიქმნა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ უზრუნველყოფილი იქნება ვალიდაცია ანუ, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების, ასოციაციების, საერთაშორისო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შექმნილი დოკუმენტის საბოლოო შეთანხმება. პროცესში გერმანელი ექსპერტებიც არიან ჩაერთულნი, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
პროცესის მიზანია შეიქმნას პროფესიული განათლების მიღებისათვის უსაფრთხო და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფილი სასწავლო გარემო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ახალი პროფესიული სტანდარტებისa და მოდულური პროგრამების შექმნაზე. თუმცა, იმისათვის, რომ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტი მომზადდეს, აუცილებელია შესაბამისი გარემო და აღჭურვილობა. ამ მიზნით, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, შემუშავდა ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს მინიმალური ნორმატივები. ამ დროისთვის 36 პროფესიული პროგრამის თითოეული მოდულისათვის საჭირო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივები შემუშავებულია და გერმანელ ექპერტებთან ერთად მიმდინარეობს შემუშავებული პროდუქტების ვალიდაცია.

ვალიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მენეჯმენტმა და გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვალიდაციის პროცესი პროფესიული განათლების ხელშესაწყობად