განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სწავლის სფეროების კლასიფიკატორისა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მონიტორინგის ჯგუფებთან პირველი გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე.
შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, რომელიც მიესალმა სამუშაო ჯგუფის წევრებს, განმარტა მონიტორინგის პროცესის მნიშვნელობა ქვეყნის განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით.
სამუშაო ჯგუფის წევრებს წარედგინათ პრეზენტაციები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის პროცესის მნიშვნელობისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული სამომავლო საკითხები, რომელიც მონიტორინგის ჯგუფების სამუშაო გეგმაში აისახება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №103/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგი პირველად ხორციელდება, რომლის მიზანია მუშაობის ფარგლებში შემუშავდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის გეგმა და მონიტორინგის ანგარიში, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება რეკომენდაციები ზემოაღნიშნული დოკუმენტების განვითარებისათვის.
აღნიშნული პროცესი ხუთ წელიწადში ერთხელ ხორციელდება.