25 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ განათლებაში სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის დროს პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო საქმიანობის ორგანიზების პრინციპებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ბიზნესის, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორები და ფასილიტატორები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის განხორციელების პროცესში არსებული სამართლებრივი და პროპცედურული საკითხების იდენტიფიცირება მოხდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად მოამზადებენ პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ მასალას, რასაც უახლოეს მომავალში დაინტერესებულ მხარეებს საჯარო განხილვისათვის წარუდგენენ.