FAQ

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მორიგი თანამშრომლობითი ვიზიტი გაიმართა

3 ივნისი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით,  შპს-საქართველოს ბიზნეს აკადემიამ (SBA), 2024 წელს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რიგით პირველ  თანამშრომლობით ვიზიტს  უმასპინძლა თემაზე  „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება“ .
თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორი დაწესებულებების სტატუსით მონაწილეობდა, საქართველოს მასშტაბით, 36 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 62 წარმომადგენელი.


თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯმა „საქართველოს ბიზნეს აკადემიამ-SBA“ ვიზიტორი დაწესებულების წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია კოლეჯის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების დანერგილ პრაქტიკასთან დაკავშირებით, აგრეთვე გამართა მცირე ექსკურსია ვიზიტორთათვის კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და  მიმდინარე პროცესების გაცნობის  მიზნით. 


ვიზიტის ფარგლებშიც ცენტრისა და მასპინძელი დაწესებულების მიერ შერჩეულმა სამმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარადგინა საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკის პრეზენტაცია ვიზიტისთვის განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი პანელური დისკუსია ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესიული მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან.


საგულისხმოა, რომ ვიზიტის მეორე დღეს ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ, თანამშრომლობითი ვიზიტების განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პანელური დისკუსიების ფასილიტაციაში ჩაერთნენ ვიზიტორი კოლეჯების წარმომადგენლები.


ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარმოდგენილი პრეზენტაციების,  პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის, გარემოს დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, დაწესებულებას წარუდგინეს უკუკავშირი ვიზიტის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე. 


აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაგეგმილია კიდევე ერთი თანამშრომლობითი ვიზიტი თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“, რომლისთვისაც წლის მეორე ნახევარში იგეგმება მასპინძელი და ვიზიტორი დაწესებულებების გამოვლენა.


აღსანიშნავია, რომ  თანმშრომლობით ვიზიტს არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი და თანაბრად სარგებლიანია როგორც მასპინძელი ისე ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის.


თანამშრომლობით ვიზიტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ემსახურება როგორც მასპინძელი დაწესებულების, ისე ვიზიტორი დაწესებულების შესაძლებლობების გაძლიერებას და მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებასა და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერას. 


თანამშრომლობითი ვიზიტების პროცესში ჩართვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრი გააგრძელებს თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის განვითარებაზე მუშაობას და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა თანამშრომლობით ვიზიტში ჩაერთონ მასპინძელი ან ვიზიტორი დაწესებულების სტატუსით.
 

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მორიგი თანამშრომლობითი ვიზიტი გაიმართა