განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 10 ივნისს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში - მრჩეველთა საბჭო) მორიგი სხდომა გაიმართა.
მიმდინარე წელს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი) სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ" ცენტრის დირექტორის 2019 წლის 31 ივლისის №666/ი ბრძანების (შემდგომში კლასიფიკატორის მართვის წესი) შესაბამისად, გეგმავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული სწავლის სფეროების კლასიფიკატორის (შემდგომში კლასიფიკატორის) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №103/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს (შემდგომში ჩარჩოს) მონიტორინგს.
აღნიშნული პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა ორი სამუშაო ჯგუფი, სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა მონიტორინგის გეგმის პროექტები. კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ნათია ვაჭარაძემ მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის გეგმის პროექტები.
მრჩეველთა საბჭომ იმსჯელა წარმოდგენილი დოკუმენტების შესახებ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მონიტორინგის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის გეგმის საბოლოო ვერსია.
სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.