FAQ

საჯარო სკოლების ავტორიზაციის ტენდენციები რეფორმის მიმდინარეობის პერსპექტივიდან

11 ივნისი 2024

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი უპრეცენდენტო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.

 

2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები, რომელმაც სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით სრულიად ახალ მოდელზე გადაიყვანა. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნველყო ზოგადი განათლების სისტემის შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება და, ავტორიზაცია, თავისი არსით გარდაიქმნა ციკლურ პროცესად, რომელიც ორიენტირდა სკოლის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. ავტორიზაციის  დანიშნულება გახდა ხარისხის განვითარების პროცესი, რომელიც დაეფუძნა უილიამ ედუარდს დემინგის PDCA (Plan-Do-Check-Act) ხარისხის მართვის მოდელს - პროცესების თანმიმდევრულობასა და ციკლურობას.

 

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე რეფორმისა და მისი თანმდევი ხარისხის უზრუნველყოფის კონცეპტუალური ცვლილებების საფუძველზე მეტი ყურადღება დაეთმო პროცესების შეფასებას, ასევე განისაზღვრა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის ოთხდონიანი სკალა, რომელმაც სისტემაში შემოიტანა სრულიად განსხვავებული და მოქნილი მიდგომა - გათვალისწინებულიყო სკოლების კონკრეტული საჭიროებები, ხოლო მათ მხარდასაჭერად, კოორდინირებული მუშაობის გზით - გაერთიანებულიყო განათლების სფეროს სხვადასხვა უწყება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს  დაწესებულების ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობას.

 

ჯერ კიდევ 2022 წელს განხორციელდა საჯარო სკოლების ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური თვითშეფასება, რაც სხვა მიზნებთან ერთად ემსახურებოდა სკოლის ინსტიტუციური, ასევე სისტემური დონის ინტერვენციების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მონაცემთა შეგროვება/ანალიზს, რომლის საფუძველზეც მომზადდა საჯარო სკოლების ავტორიზაციის გეგმა. თვითშეფასებების ანალიზის საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში უნდა განხორციელებულიყო ხარისხზე ორიენტირებული კულტურის, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის დანერგვა, გამოიკვეთა ხარისხის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ,  შემუშავდა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ასამოქმედებლად საჭირო სრული მეთოდოლოგიური პაკეტი, რომელიც გამოყენებულ იქნა სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. 2023 წელს ახალი სტანდარტების შესაბამისად დაწყებული რეალური ადმინისტრაციული წარმოებების კვალდაკვალ, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მიმდინარეობდა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფების დასკვნების ანალიზი, რომლის შესწავლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, როგორც პირველად შემხვედრ ხარვეზებზე, ასევე, იმ ძირითად რეკომენდაციებზე, რომლებიც გაიცა ექსპერტთა ჯგუფების მიერ სკოლის მიმართ. აღნიშნული ანალიზის მიზანს  წარმოადგენდა  საჯარო სკოლების საჭიროებების გამოვლენა,  არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ დონეზე და უკვე ავტორიზებული სკოლებისათვის მხარდამჭერი მიმართულებების იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ ანალიზის ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიმართულებები მოიცავდა, როგორც სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, სკოლის დაგეგმვის პრაქტიკას, პერსონალის მართვასა და განვითარებას, მოსწავლეთა მხარდაჭერას, ასევე სკოლის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ და საგანმანათლებლო რესურსებს.

 

აღნიშნული ანალიზის პროცესში იდენტიფიცირებული მიმართულებები განხილულ იქნა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერის მიმართულებით შექმნილ კოორდინაციის პლატფორმაზე. შედეგად, შესაბამისი უწყებების მიერ სისტემაში დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები საჯარო სკოლების მხარდასაჭერად პოსტ ავტორიზაციის პერიოდში.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ავტორიზაცია გახდა ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტი, რომელიც განაპირობებს სკოლის ავტონომიურობის გაზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლა გახდება პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე, წარმოაჩინოს საკუთარი ინდივიდუალიზმი და როლი სასკოლო საზოგადოებაში.

 

განახლებული რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედებიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაერთო 339 საჯარო სკოლა. მათი შეფასება კი განხორციელდა ფორმირებული ექსპერტთა კორპუსის მიერ, რომელშიც გაერთიანდნენ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივი ექსპერტები. 2023 წელს ავტორიზაცია მოიპოვა 310 სამსაფეხურიანმა და 22 ორსაფეხურიანმა საჯარო სკოლამ.

 

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოცემულ პერიოდში განხორციელდა პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარის შესაძლებლობების გაძლიერება: ჩატარდა არაერთი ღონისძიება, ტრენინგი თუ სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა განახლებული სტანდარტების შინაარსი, საკვანძო საკითხები, პროცედურები და ეტაპები.

 

დასასრულს, მიმდინარე რეფორმის პერსპექტივიდან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საჯარო სკოლებში ჩატარებულ ავტორიზაციის პროცესს პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა სხვადასხვა დაინტერესებული პირის მხრიდან. აღნიშნულმა ცხადყო, რომ სკოლებმა ნათლად დაინახეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც სამომავლოდ უმნიშვნელოვანესია შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად, უკეთესად გაიაზრეს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, სასკოლო საზოგადოება შეიკრა და გაერთიანდა ერთ გუნდად, რამაც უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა მათი თანამშრომლობითი კულტურა. პროცესმა დაანახა დაწესებულებებს, რომ ხარისხზე ორიენტირებული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია, სკოლას მისი დინამიკის პულსზე ეჭიროს ხელი და ხედვის პოლიტიკა, რომელიც მან პირველადი ავტორიზაციისას აჩვენა, შეასრულოს და მაქსიმალურად განავითაროს.

 

სტატიის ავტორები:

 

  თამარ რატიანიძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი

 

ელენე ცირამუა - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

საჯარო სკოლების ავტორიზაციის ტენდენციები რეფორმის მიმდინარეობის პერსპექტივიდან